Adgili animated logo

პლატფორმის შესახებ

ადგილი

პლატფორმა ფიქრისა და შემოქმედებისთვის

თუშეთი — სადაც ყველაფერი დაიწყო

„ადგილი" არის არქიტექტურული პლატფორმა, რომლის იდეაც თუშეთში, „აქთუშეთის" ტრადიციული არქიტექტურის ვორქშოფის ფარგლებში დაიბადა. ჩვენმა საერთო ხედვამ და სულისკვეთებამ ერთმანეთთან დაგვაკავშირა, ხოლო თუშეთში დაწყებულმა საუბრებმა საბოლოოდ არქიტექტურული პლატფორმის — „ადგილის" — ფორმა მიიღო.

ჩვენ გვჯერა, რომ ტრადიციული არქიტექტურის შენარჩუნება და ჩვენი წინაპრების მემკვიდრეობის მოვლა მნიშვნელოვანი საქმიანობაა. ამავე დროს ვაკვირდებით, რატომ იქმნებოდა ესა თუ ის სტრუქტურები და რა დანიშნულება ჰქონდა მათ.

მაგალითად, ავიღოთ საქართველოს ჩრდილოეთ საზღვართან მდებარე ციხესიმაგრეები, კერძოდ თუშეთსა და ხევსურეთში. მათი მთავარი ფუნქცია ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებას, უსაფრთხოებასა და თემის არსებობას ემსახურებოდა, ხოლო ამავე დროს წარმოადგენდა იმ დროისთვის არსებული რესურსებისა და ცოდნის გამოყენებით შექმნილ ეფექტურ სამშენებლო გადაწყვეტას.

დღეს, როდესაც ამ სტრუქტურებს პირველადი დანიშნულება აღარ გააჩნია, ჩვენ ვიწყებთ ფიქრს, თუ რა შეიძლება გამოვიყენოთ არსებული მემკვიდრეობიდან, რა შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან და რა შეიძლება დავამატოთ თანამედროვე საჭიროებების შესაბამისად.

ეს უკიდურესად ფაქიზი ტერიტორიაა, სადაც დაუშვებელია არსებული გარემოს უგულებელყოფა და დამახინჯება მხოლოდ კომფორტისა და ახალი ფუნქციების შექმნის ხარჯზე. სწორედ ამ ეტაპზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ადგილობრივი არქიტექტურის, მშენებლობის ტრადიციული მეთოდების, ბუნებრივი მასალების გამოყენებისა და ხელსაქმის ცოდნის კვლევა.

ეს მოიცავს ტრადიციული მშენებლობისა და ხელსაქმის მრავალფეროვან ცოდნას — ბუნებრივი მასალების მოპოვებასა და დამუშავებას, ქვის, ხისა და თიხის გამოყენების ტექნიკებს, დეკორატიულ ლესვასა და ორნამენტს, კლიმატსა და გარემოზე მორგებულ სივრცით გადაწყვეტებს, ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციის პრინციპებს, ასევე იმ გამოცდილებას, რომელიც ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზე დაკვირვების შედეგად საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა.

სოფელ ბოჭორნის გადასახედიდან გადაღებული კადრი, სოფელი დოჭუ, გომეწრის თემი, თუშეთი

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისტორიას ჩვენც ვქმნით, ისევე როგორც ჩვენი წინაპრები. ჩვენც ვდგავართ გამოწვევების წინაშე და მათ მსგავსად ვეძებთ გამოსავლებს, თუმცა თანამედროვე გამოწვევები სხვა ფორმით გვევლინება. სწორედ ამიტომ აუცილებელია, პირველ რიგში, სწორად გავიაზროთ, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ, და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ გამოსავლის ძიება.

ჩვენ გვჯერა, რომ წინაპრებისგან დატოვებული ცოდნა მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა კი არა, ადგილის მეხსიერებაა — ის უხილავი საფუძველი, რომელზეც ადამიანისა და გარემოს კავშირი საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა. არაფერი იწყება ნულიდან; ყოველი ახალი იდეა, სივრცე და გზა ეფუძნება უკვე არსებულ გამოცდილებას, ბუნებასა და კულტურულ კონტექსტს.

თაობებიდან თაობებში გადაცემული ცოდნა

პლატფორმა „ადგილი" ეძებს პასუხებს როგორც წარსულში, ისე აწმყოში, რათა მათი გააზრებული შერწყმით შექმნას ეფექტური და ადამიანზე მორგებული გადაწყვეტილებები. პლატფორმის მიზანია გააერთიანოს თეორიული და პრაქტიკული სამუშაოები, რომელიც გააძლიერებს ადამიანისა და გარემოს კავშირს, საზოგადოებას გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს, რომელიც დღითიდღე უფრო შორდება ბუნებას, ადგილობრივ იდენტობასა და სივრცის ნამდვილ განცდას.

პლატფორმა ფიქრისა და შემოქმედებისთვის

ადგილი იკვლევს ადამიანისა და გარემოს კავშირს.

დამფუძნებლები

სამი არქიტექტორი. ერთი ხედვა, რომელიც თუშეთში დაიბადა.

მიხეილ ჭინჭარაული

არქიტექტორი და თანადამფუძნებელი

არქიტექტორი, რომლის საქმიანობა ძირითადად კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციული არქიტექტურისა და რესტავრაციის მიმართულებებს მოიცავს.

ვრცლად

მიხეილ ჭინჭარაული არის არქიტექტორი, რომლის საქმიანობა ძირითადად კულტურული მემკვიდრეობის, ტრადიციული არქიტექტურისა და რესტავრაციის მიმართულებებს მოიცავს. მისი ინტერესის სფერო აერთიანებს ისტორიული გარემოს კვლევას, ბუნებრივ მასალებს, ტრადიციულ სამშენებლო ტექნიკებსა და არქიტექტურის სოციალურ და კულტურულ მნიშვნელობას, ასევე თანამედროვე არქიტექტურულ მიდგომებსა და კვლევით პროცესებს. მან დაამთავრა Ilia State University-ის არქიტექტურის პროგრამა. იგი მუშაობს კომპანია რესტავრაცია & კონსერვაცია-ში და თანამშრომლობს Ilia State University-თან არქიტექტურულ და საგანმანათლებლო პროექტებზე. ასევე ჩართულია საქართველოს ეროვნული ფონდის კულტურული მემკვიდრეობის ინიციატივებში. საქართველოს ეროვნული ფონდთან თანამშრომლობის ფარგლებში მონაწილეობდა არხოტში მდებარე ცისკარაულების კოშკის რესტავრაციის პროექტში მოხალისედ, რომელიც მოგვიანებით Europa Nostra-ს ჯილდოს გამარჯვებული გახდა. გამოცდილება მოიცავს REMPART-ის სარესტავრაციო ვორქშოფებს საფრანგეთში და „აქ თუშეთის" ქვის მშრალი წყობის ვორქშოფს.

ნიკა რომელაშვილი

არქიტექტორი და თანადამფუძნებელი

არქიტექტორი, რომლის ინტერესები დაკავშირებულია ტრადიციული არქიტექტურისა და კულტურული ლანდშაფტების ურთიერთკავშირებზე.

ვრცლად

ნიკა რომელაშვილი არის არქიტექტორი, რომლის ინტერესებიც დაკავშირებულია ტრადიციული არქიტექტურისა და კულტურული ლანდშაფტების ურთიერთკავშირებზე. ის არის VA[A]DS, Free University of Tbilisi-ის არქიტექტურის სკოლის კურსდამთავრებული. ამჟამად მუშაობს Archtrade-ში, არქიტექტურულ და სამშენებლო კომპანიაში. მისი ხედვა და კვლევითი ინტერესები ასახულია სადიპლომო ნაშრომში — Architecture of Resistance: Globalization of a Dormant Civilization, სადაც ის იკვლევს ტრადიციული არქიტექტურის ადაპტაციას თანამედროვე სამყაროსთან. ამის პარალელურად, აქტიურად არის ჩართული პრაქტიკულ კვლევებსა და სამუშაოებში. მონაწილეობდა Aqtushetii Residency და Darbazi Dialogues კვლევით ვორქშოფებში. „არქიტექტურა უნდა იბადებოდეს კონკრეტული ადგილის კულტურის, კლიმატის, მასალისა და მეხსიერებისგან, რადგან წინააღმდეგობა გაუწიოს უსახო გლობალიზაციას და შეინარჩუნოს ადამიანისა და გარემოს ავთენტური კავშირი."

ანასტასია დომბროვსკაია

არქიტექტორი და თანადამფუძნებელი

არქიტექტორი, რომლის ინტერესის სფეროა ტრადიციული მემკვიდრეობის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საზოგადოებაზე ორიენტირებული დიზაინის კავშირები.

ვრცლად

ანასტასია დომბროვსკაია არის არქიტექტორი, ამჟამად მუშაობს „Ns Studio"-ში, თბილისში. მისი ინტერესის სფეროა ტრადიციული მემკვიდრეობის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საზოგადოებაზე ორიენტირებული დიზაინის კავშირები. ნიუქასლის უნივერსიტეტში არქიტექტურის ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, პროფესიული გამოცდილება მიიღო ლონდონში. მოგვიანებით სწავლა განაგრძო Kingston University London-ში, სადაც არქიტექტურის სამაგისტრო პროგრამა წარჩინებით დაასრულა და მისი პროექტი ნომინირებული იქნა RIBA Silver Medal-ზე. მისი სადისერტაციო ნაშრომი — Minimal Dwellings in Extreme Conditions: Georgian Vernacular Architecture on the Edge of the Caucasus — ეხება თუშეთის არქიტექტურასა და კულტურულ ლანდშაფტებს. მონაწილეობა აქვს მიღებული AA Design + Make Summer School-ში და Aqtushetii Residency-ის ვორქშოფებში. ანასტასიას სჯერა, რომ არქიტექტურა იწყება ადამიანით — სივრცე გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, აზროვნებასა და ყოველდღიურობაზე.