თუშეთი: სივრცითი და კულტურული იდენტობა
ლექციები

გასული ლექცია

თუშეთი: სივრცითი და კულტურული იდენტობა

ნუგზარ იდოიძე · ეთნოგრაფი

ჩატარდა 20 ივნისს, 2026

ქვემოთ

თარიღი

შაბათი, 20 ივნისი

დრო

18:00 — 22:00

რეკაპი

პლატფორმა „ადგილი“ იწყებს საჯარო ლექციების სერიას, რომელიც საქართველოს რეგიონულ არქიტექტურას, საცხოვრებელ კულტურასა და ადგილობრივ იდენტობებს ეძღვნება. სერიის პირველი შეხვედრა თუშეთს დაეთმობა — რეგიონს, სადაც არქიტექტურა, ლანდშაფტი და ყოველდღიური ცხოვრება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

ლექცია ღიაა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის — არქიტექტორებისთვის, სტუდენტებისთვის, მკვლევრებისთვის და მათთვის, ვისაც აინტერესებს საქართველოს სივრცითი და კულტურული მრავალფეროვნება.

ჟურნალი

პირველი საღამო, პირველი საჯარო საუბარი

ნუგზარ იდოიძე ლექციას უძღვება ეკრანის წინ ეზოშიეზოს გვერდით სივრცეებში მდგომი მსმენელებინუგზარ იდოიძე ეკრანის წინ პრეზენტაციისასეზოს ბილიკზე გამოფენილი პლატფორმის ბანერებიეზოში დაკიდებული ბანერების ახლო ხედილექციის საღამოს ეზოს ფართო ხედიაუდიტორიის კიდევ ერთი ხედი ლექციის მიმდინარეობისასნუგზარ იდოიძის გამოსვლა აუდიტორიასთანეზოში შეკრებილი მსმენელები და ლექციის ატმოსფეროლექციის საღამოს დოკუმენტური კადრიეზოს სივრცეში განლაგებული მსმენელებისაღამოს კიდევ ერთი კადრი ეზოს აუდიტორიითლექციის პროცესის ახლო დოკუმენტური კადრილექტორი და პროექცია პრეზენტაციისასგამოფენის ბილიკი და ბანერები მწვანე ეზოში

ნუგზარ იდოიძე თუშეთის არქიტექტურის შესახებ ლექციას უძღვება ეზოში შეკრებილი აუდიტორიის წინაშე.

2026 წლის 20 ივნისს Adgili Platform-მა ქართული ვერნაკულარული და რეგიონული არქიტექტურისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების სერია გახსნა. პირველი შეხვედრა თუშეთის მკვლევარს, ეთნოგრაფსა და მწერალს, ნუგზარ იდოიძეს დაეთმო — ადამიანს, რომლის სახელი დღეს უკვე განუყოფელია თუშეთის კულტურული მემკვიდრეობისგან.

პლატფორმის დამფუძნებლებს ბატონ ნუგზართან და თუშეთთან მრავალწლიანი პროფესიული და პირადი კავშირი აქვთ. სწორედ ამიტომ, სერიის გახსნა ამ თემითა და ამ სტუმრით სიმბოლური გადაწყვეტილება იყო. თუშეთი Adgili Platform-ის საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია — ადგილი, სადაც არაერთი კვლევა, ექსპედიცია და საგანმანათლებლო ინიციატივა განხორციელდა.

ლექციის პარალელურად წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა, რომელიც Aqtushetii-ის ვორქშოფის მონაწილეების მიერ გადაღებულ ფოტოებს აერთიანებდა. გამოფენა თუშეთის არქიტექტურას, ლანდშაფტს, ყოველდღიურ ცხოვრებასა და კულტურულ მემკვიდრეობას ასახავდა. სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თუშეთის თემატიკაზე შექმნილ გამოცემებს, კვლევებსა და საარქივო მასალებს.

თუმცა, ამ საღამოს მთავარი ღირებულება მხოლოდ ლექცია ან გამოფენა არ ყოფილა. წვიმის მიუხედავარ, შეიქმნა სივრცე, სადაც სხვადასხვა გამოცდილების, ინტერესისა და პროფესიის ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს, ჩაერთნენ დიალოგში და ახალი ურთიერთობების დასაწყისი შექმნეს. სწორედ ასეთი გარემოების ფორმირება წარმოადგენს Adgili Platform-ის ერთ-ერთ მთავარ მიზანს.

ნუგზარ იდოიძე მხოლოდ თუშეთის მკვლევარი არ არის — ის თავად არის ამ სივრცის განუყოფელი ნაწილი. თუშეთში დაბადებული, გაზრდილი და დღემდე იქ მცხოვრები, იგი საფუძვლიანად იცნობს ამ კუთხის ისტორიას, კულტურას, არქიტექტურას, რწმენა-წარმოდგენებსა და ყოველდღიურ ცხოვრებას. მისი ცოდნა მხოლოდ აკადემიურ კვლევებს არ ეფუძნება; ის მრავალწლიანი დაკვირვების, გამოცდილებისა და უშუალო ცხოვრების შედეგია.

მისი სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა მითოშემოქმედების მექანიზმების კვლევა და იმის გააზრება, თუ როგორ განაგრძობს მითი არსებობას და გავლენის მოხდენას თანამედროვე საზოგადოებებშიც. სწორედ ამ კუთხით იკვლევს იგი თუშური კულტურის ღრმა შრეებს — კოლექტიურ მეხსიერებას, ზეპირსიტყვიერებას, რიტუალებს, სიმბოლოებსა და სამყაროს აღქმის თავისებურ ფორმებს.

მისი ნაშრომები მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, თუშეთს მხოლოდ გეოგრაფიულ სივრცედ კი არა, ცოცხალ კულტურულ სამყაროდ შეხედოს. განსაკუთრებით აღსანიშნავია წიგნები „თუშეთი — ქართული სუბეთნიკური კულტურის მითოცნობიერებითი ასპექტები“ და „ეთნოეკოლოგიური და ეთნოკულტურული თუშეთი“, რომლებიც ამ კუთხის ეთნოკულტურული მემკვიდრეობის გააზრების მნიშვნელოვანი წყაროა.

ლექციის განმავლობაში ბატონმა ნუგზარმა ახალგაზრდებს არა მხოლოდ ცოდნა, არამედ საკუთარი გამოცდილება, დაკვირვებები და დამოკიდებულებებიც გაუზიარა. განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა მისმა რწმენამ ახალი თაობის მიმართ. მისი საუბარი ერთდროულად იყო აკადემიური, პირადი და შთამაგონებელი.

მიუხედავად იმისა, რომ თავად მოკრძალებულად საუბრობს საკუთარ საქმიანობაზე, მისი მრავალწლიანი ღვაწლი თუშეთის კვლევის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის საქმეში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს. მისი ნაშრომები, ექსპედიციები და საზოგადოებრივი საქმიანობა დღეს უკვე იმ ცოდნის ნაწილია, რომლის გარეშეც თუშეთის თანამედროვე კვლევა ძნელად წარმოსადგენია.

ჩვენთვის დიდი პატივი იყო, რომ Adgili Platform-ის საჯარო ლექციების სერია სწორედ ნუგზარ იდოიძესთან ერთად გაიხსნა. გვჯერა, რომ ეს შეხვედრა მხოლოდ დასაწყისია და მომავალში ბატონ ნუგზართან თანამშრომლობით კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ.

Adgili Platform გულწრფელ მადლობას უხდის ბატონ ნუგზარ იდოიძეს, ყველა სტუმარს, მონაწილესა და მხარდამჭერს, რომლებმაც ეს საღამო განსაკუთრებულ გამოცდილებად აქციეს. თუშეთის გზის გახსნასთან ერთად კი იმედი გვაქვს, რომ ბევრ ადამიანს ექნება შესაძლებლობა თავად ეწვიოს ამ გამორჩეულ კუთხეს, შეხვდეს მის ადამიანებს და უკეთ გაიცნოს ის კულტურული სამყარო, რომლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მთხრობელიც ნუგზარ იდოიძეა.

სპიკერი

ნუგზარ იდოიძე

ნუგზარ იდოიძე

ეთნოგრაფი

ნუგზარ იდოიძე 1949 წელს თუშეთის სოფელ ომალოში დაიბადა. აქვე გაატარა სკოლამდელი ასაკის პერიოდი. ეს იყო ტრადიციული თუშეთის უკანასკნელი წლები, ვიდრე საბჭოთა ხელისუფლება მოშლიდა მკვიდრ ცხოვრებას და იძულებით ჩაასახლდებდა ადგილობრივ მოსახლეობას. ბავშვობაში მიღებულმა შთაბეჭდილებებმა დიდწილად განაპირობა მისი შემდგომი პროფესიული ორიენტაცია.

1966 წელს წარჩინებით დაამთავრა ქვემო ალვანის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე ეთნოლოგიის განხრით, რომელიც დაამთავრა 1974 წელს. მისი სადიპლომო თემა იყო: „თუშეთის პიქტოგრამები“, რაც მისი კვლევის მთავარ არეალად დარჩა დღემდე.

ნუგზარ იდოიძემ 1971-75 წლებში დაამთავრა დიმიტრი არაყიშვილის სახელობის 1 მუსიკალური სასწავლებელი ვოკალური ფაკულტეტი. ორი წელი იმსახურა, ხოლო შემდეგ იყო ამიერკავკასიის სასაზღვრო ჯარების სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი.

1978 წლიდან დღემდე მუშაობს გ. ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად და ეროვნული მუზეუმის ასისტენტად თუშეთში.

1983 წლიდან ოჯახით საცხოვრებლად გადავიდა თუშეთში დართლოს არქიტექტურული ნაკრძალის, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალის გამგედ. 1983-89 წლებში მუშაობდა ომალოს სკოლა-ინტერნატის ისტორიის მასწავლებლად. ამ პერიოდში დაიწყო ეთნოგრაფიული ნივთების მოძიება, რომლის ბაზაზე 1989 წელს გახსნა ეთნოგრაფიული მუზეუმი ომალოში.

1990-იანი წლების დასაწყისში მუშაობდა თუშეთის საკრებულოს თავმჯდომარედ და წილად ხვდა პატივი ადგილობრივი საბჭოს ბეჭედი შეეცვალა თავისუფალი საქართველოს ბეჭდით. 1992 წელს თუშეთში ჩამოაყალიბა საქართველოში პირველი სასაზღვრო საგუშაგო „თუშეთი“, რომლის უფროსიც 2000 წლამდე გახლდათ. მოღვაწეობის პერიოდში იგი ფართოდ იყენებდა ხალხური დიპლომატიის ტრადიციულ მეთოდებს მეზობელი დაღესტნელებისა და ჩეჩნების თემთან საურთიერთოდ, რამაც დადებითი როლი შეასრულა პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

2001 წელს ჰოლანდიელ მეგობრებთან ერთად ჩამოაყალიბა კულტურული ფონდი „კესელო“, რომლის ძალისხმევით, 2001-2006 წლებში აღადგინა კესელოს ხუთი ციხე-სახლი და გახსნეს ეთნოგრაფიული გამოფენა. 2006 წლიდან ნუგზარ იდოიძემ მუშაობა დაიწყო თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, სადაც დღემდე მუშაობს უფროს რეინჯერად.

გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო სტატიები: „თუშეთის ეთნოყოფიერების მითოსური ასპექტი“ („ლიტერატურულ საქართველოში“, 2002), „ქართველთა საბრძოლო ხელოვნების მსოფლმხედველობრივი საფუძვლები“ (2002), „აღსდეგ რაინდულო საქართველო“ ი. ყეინაშვილთან ერთად (2004), „თუშეთის მწყემსური კულტურის მაფორმირებელი მითოლოგიები“ ეროვნული მუზეუმის კრებულში (2007), და „თუშეთის წეს-ჩვეულებებისა და რიტუალების ცნობარი მოგზაურთათვის“ (ბროშურა, 2006).

ბატონ ნუგზარს მიღებული აქვს ჯილდოები — მედალი „საბრძოლო დამსახურებისთვის“ და „ღირსების ორდენი“.

წინა ლექციაყველა ლექციაშემდეგი ლექცია

ადგილმდებარეობა

ართვინის ქუჩა 78, თბილისი (Kheivani Residency)

Google Maps-ში გახსნა

შემდეგი ლექციებისთვის შემოგვიერთდი

მიიღე განახლებები მომავალ ლექციებზე, ექსპედიციებზე და ვორქშოპებზე.