გვიხარია, გაგიზიაროთ პლატფორმა ადგილის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი — დაფუძნდა INTBAU საქართველო, რომელსაც მასპინძლობს არქიტექტურული პლატფორმა ადგილი. ამით საქართველო შეუერთდა INTBAU-ს საერთაშორისო ქსელს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივ პროფესიონალებს. INTBAU საქართველო
INTBAU — ტრადიციული მშენებლობის, არქიტექტურისა და ურბანიზმის საერთაშორისო ქსელი (International Network for Traditional Building, Architecture and Urbanism) — არის გლობალური ქსელი, რომელიც ტრადიციული მშენებლობის, არქიტექტურისა და ურბანიზმის გამოყენებით უკეთესი საცხოვრებელი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. 2001 წელს დაარსებული ქსელი დღეს 100-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში 10,000-ზე მეტ წევრს აერთიანებს — მათ შორის არქიტექტორებს, მკვლევრებს, ხელოსნებს, განათლების სფეროს წარმომადგენლებსა და ტრადიციული შენობებითა და დასახლებებით დაინტერესებულ პროფესიონალებს. INTBAU-ს საქმიანობა მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს, ვორქშოფებს, საზაფხულო სკოლებს, სასწავლო ვიზიტებს, კონფერენციებს, კვლევასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.
INTBAU საქართველოს ქსელში გაწევრიანება გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი საქმიანობა უფრო ფართო, საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებას დავუკავშიროთ და, ამავდროულად, ქართული არქიტექტურული ცოდნა, პრაქტიკა და თანამედროვე გამოწვევები საერთაშორისო დისკუსიაში შევიტანოთ. INTBAU-ს ადგილობრივი წარმომადგენლობების ქსელი ეფუძნება ადგილობრივ კონტექსტზე მორგებულ პროგრამებს, განათლებას, ინფორმაციის გაზიარებასა და პროფესიულ თანამშრომლობას, რაც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ახალი თანამშრომლობების განვითარებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის.
გვინდა, INTBAU საქართველო განვავითაროთ საგანმანათლებლო პროგრამების, საველე კვლევების, ვორქშოფების, ლექციების, სასწავლო ვიზიტებისა და დისკუსიების საშუალებით, რომლებიც საქართველოს არქიტექტურულ ტრადიციებსა და თანამედროვე გამოწვევებს შეეხება.
ახალი პლატფორმისთვის, როგორიც „ადგილია“, ეს არის შესაძლებლობა, ვისწავლოთ, დავამყაროთ ახალი კავშირები და განვვითარდეთ — ამავდროულად კი წვლილი შევიტანოთ ქსელში, რომელიც აფასებს ადგილობრივ ცოდნას, ხელობას, კულტურულ იდენტობასა და ტრადიციული არქიტექტურის მუდმივ განვითარებას.
ძალიან გვიხარია ის შესაძლებლობები, რომლებიც წინ გველის, და იმედი გვაქვს, რომ ეს ახალი ეტაპი ხელს შეუწყობს მნიშვნელოვან თანამშრომლობებსა და შესაძლებლობებს, რათა საქართველოს არქიტექტურული მემკვიდრეობა უფრო ფართო საერთაშორისო საზოგადოებას გავუზიაროთ.
თუ გსურთ, გახდეთ INTBAU-ს საერთაშორისო ქსელის წევრი და მიიღოთ ინფორმაცია მის პროგრამებზე, ღონისძიებებსა და შესაძლებლობებზე, შეგიძლიათ უფასოდ გახდეთ INTBAU-ს General Member. გახდი INTBAU-ს წევრი
Adgili Platform





